მთავარი

14.04.17 გიორგი კოხრეიძე: "მოედანზე მოტივირებული შევდივარ"

kkგიორგი კოხრეიძეს, რომელსაც ჯერჯერობით ცვლილებაზე უწევს-ხოლმე თამაში, ეროვნულ ლიგაში სამი გატანილი გოლი დაუგროვდა. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ წამების შესული იყო მინდორზე, როდესაც ფეხი შედეგიანად მოიქნია და ანგარიში 2:0 გახადა.


საკლუბო და სანაკრებო თემებზე გიორგი კოხრეიძეს გავესაუბრეთ, ლაპარაკი კი ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შეფასებით დავიწყეთ:
- პირველი ნახევარი მეტოქეს აშკარად ვაჯობეთ, ბურთსაც ვაკონტროლებდით და სახიფათო მომენტებიც გვქონდა. სამწუხარო ისაა, რომ საგოლე მომენტების რეალიზებას ვერ ვახერხებთ. ამ კუთხით ბევრს ვმუშაობთ და იმედია ეს ყოველივე შედეგს მალე გამოიღებს. როდესაც ანგარიში 2:0 გახდა, წინ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი. ბოლოსკენ აქცენტი კარის უსაფრთხოებაზე გავაკეთეთ. კარგია, რომ სამი ქულის მოპოვება შევძელით და ორი წაგებული მატჩის შემდეგ, სამი ქულა მოვიპოვეთ. მნიშვნელოვანი და საჭირო მოგება იყო.
- მინდორზე შესვლამდე, რა დავალებები მიიღეთ მთავარი მწვრთნელისგან?
- თავდასხმის ხაზში შევედი, წინ უნდა მებრძოლა და შემეწუხებინა მეტოქე ფეხბურთელები. გიორგი ჭიაბრიშვილმა მითხრა - დამამთავრებელ ფაზაში ამეღო ჩემს თავზე. ვეცადე მწვრთნელის დავალებები შემესრულებინა. კარგია, რომ მინდორზე შესვლიდან მალევე გოლი გავიტანე. შანსი გამომიჩნდა თუ არა, ეგრევე კარში დავარტყი...
- უკვე მერამდენედ ხდება, რომ ცვლილებიდან შესული მალევე შედეგიან დარტყმას ახორციელებთ. მწვრთნელიც გრძნობს როდის უნდა შეგიშვათ მინდორზე და თქვენც შესაბამისად უმართლებთ...
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა განწყობით შედიხარ მინდორზე. როგორი სტიმულითაც შეხვალ, ანალოგიურად ითამაშებ. მოედანზე ყოველთვის მოტივირებული ვარ, არა აქვს მნიშვნელობა ძირითადში ვარ თუ თადარიგში. ამავდროულად, როდესაც გრძნობ, რომ მწვრთნელი გენდობა და შენი იმედი აქვს, ეს კიდევ უფრო დამატებითი სტიმულია.  
- ეროვნულ ლიგაში მეშვიდე ტურის მატჩები მიილია. ამართლებს თუ არა მოლოდინს 10 გუნდიანი პირველობა?
- ძირითადად, ყველა თანაბარი კლუბებია. გათამაშების ცხრილიდანაც ჩანს, რომ დაძაბულობა ბოლომდე იქნება. ცხრილში ძალიან სიმჭიდროვეა. ერთი ფეხის დაცდენა ძვირად გიჯდება. ახლა მესამე პოზიციაზე ვართ, თუმცა უფრო უკეთესი შედეგის ჩვენება შეიძლებოდა, ხელი რამდენიმე ფაქტორმა შეგვიშალა. პირველ წრეში სამეულში უნდა დავმკვიდრდეთ, შემდეგ კი ვნახოთ, რომელი პოზიციებისთვის ვიბრძოლებთ. ფაქტია, რომ "საბურთალოს" ნებისმიერ გუნდთან ბრძოლა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდული კლუბი ვართ.
- როგორ ფიქრობთ, წლევანდელ პირველობაზე "საბურთალო" რითი გამოირჩევა?
- ჩვენ ყოველთვის ჩვენ სტილში ვთამაშობთ - ტექნიკური და შემტევ ფეხბურთს. ასევე, ჩვენი მთავარი კოზირი ბურთის კონტროლია. ძალიან გვიყვარს სანახაობრივი ფეხბურთის თამაში. მჯერა, მომავალში, როგორც თამაშის ხარისხს, შედეგსაც გავაუმჯობესებთ და უკეთ წარმოვაჩენთ თავს.
- სანაკრებო თემებზეც გკითხავთ - გუშინ, 19 წლამდელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა ევროპის ჩემპიონატზე. რას იტყვით კენჭისყრაზე?
- ამხელა ტურნირზე, რომ სუსტი ნაკრები ვერ მოხვდება, ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ძლიერი ნაკრები, როგორიც საფრანგეთია, მსგავს შეჯიბრებაზე ვერ მოხვდა, დიდი სენსაციააა. 
მეორე ჯგუფში, სადაც გერმანია და ინგლისი მოხვდნენ, ერთი შეხედვით თითქოს უფრო ძლიერია, მაგრამ პორტუგალია, ჩეხეთი და შვედეთი - არაფრით ჩამოუვარდებიან მათ. ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩები გველის. თუ ბოლომდე ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავიღებთ, წარმატების კარგი შანსი გვაქვს. დაუმარცხებელი მოწინააღმდეგე არ არსებობს - თამაში ყველასთან შეიძლება. 
- ცოტა ხნის წინ, 19-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა. რთული არ იყო ორივე შეხვედრის გამარჯვება?
- მართალია ამხანაგური მატჩები იყო, მაგრამ მოგება ყოველთვის სასიამოვნოა და კარგ განწყობაზე გაყენებს. ორი შეხვედრის მოგება, თან რამდენიმე დღის ინტერვალში, არცერთ გუნდთან იოლი არ არის. ორივე შეხვედრა 1:0 მოვიგეთ და მთლიანობაში ნორმალური შთაბეჭდილება დავტოვეთ. იმედია, ევროპის ჩემპიონატისთვისაც კარგად მოვემზადებით და აღნიშნულ ტურნირს სასურველ სპორტულ კონდიციებში შევხვდებით.

 

 

 

            ეროვნული ლიგის ცხრილი


ადგ.კლუბი±
1.   დინამო თბ 23 +44 53
2.   ტორპედო 23 +16 47
3.   სამტრედია 23 +12 44


 

                      სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax