მთავარი

16.04.17 რევაზ გოცირიძე: "ჩვენი მიზანი "საბურთალოსთვის", რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელის მიწოდებაა"

rez01"საბურთალო"-2, რომელიც ოთხი ტურის შემდეგ ლიდერობს გათამაშებას, მომავალი ოფიციალური მატჩისთვის ემზადება. რევაზ გოცირიძისა და გიორგი გეგუჩაძის გუნდმა ამ დროისთვის 10 ქულას მოუყარა თავი.


მთავარ მწვრთნელს რევაზ გოცირიძეს სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე გავესაუბრეთ. ლაპარაკი კი განვლილი მატჩების შეფასებით დავიწყეთ:
- ამ დროისთვის შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა მაქსიმალური ქულების აღებაც შეგვეძლო, რომ არა სტუმრად "კოლხთან" დასანანი ფრე. თავდაპირველად ვიგებდით, შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ, რამაც განაპირობა მდევრის როლში ყოფნა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მხოლოდ გამთანაბრებელი გოლის გატანა შევძელით. 
- ბოლო მატჩში რუსთავში ადგილობრივ გუნდთან იმარჯვეთ, თუმცა პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. რა შეცვალეთ მეორე ტაიმში?
- რუსთავის მატჩით უკმაყოფილო ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სამი ქულის მოპოვება შევძელით. თამაშის ხარისხი არ იყო სასურველი. თავდაპირველად იყო შეცდომები, თუმცა ნელ-ნელა გამოვასწორეთ, რამაც საბოლოო ჯამში წარმატება მოიტანა. 
ყველას გათვითცნობიერებული აქვს, რომ შემდეგ სეზონში ერთით ზედა ლიგაში უნდა ვითამაშოთ. მიზანი დასახული გვაქვს და იმედია ერთმანეთის გვერდში დგომით -განვახორციელებთ.
- როგორც ცნობილია, ერთბაშად რამდენიმე გუნდს სურს მომავალში უკეთეს ლიგაში თამაში. კონკურენტებად რომელი მეტოქეები მიგაჩნიათ?
- "ცხუმი", "გარეჯი", "არაგვი", "თბილისი-2016", არც "რუსთავს" ჰყავს ურიგო გუნდი. ადვილი არ იქნება ამ ზონაში პირველობის მოპოვება, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩემპიონობისთვის. ამის რესურში და შესაძლებლობა "საბურთალო"-2-ს ნამდვილად აქვს. ზოგადად, "საბურთალო" წარმატებული კლუბია და ჩვენ მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის ვბრძოლობთ.
- გუნდში ბევრი ახალბედა ფეხბურთელი თამაშობს, მათი საშუალო ასაკი 16-17 წელია. არ უჭირთ გამოცდილი ფეხბურთელების წინააღმდეგ ბრძოლა?
- ფაქტობრივად, ყველა მატჩში ბრძოლა გვიწევს. რა თქმა უნდა, ჩვენი ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან, თუმცა ჩვენ ჩვენი პლუსები გვაქვს. ვცდილობთ მოწინააღმდეგეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს და მატჩი ჩვენი კარნახით წავიდეს. 
- "საბურთალოს" პირველმა გუნდმა შევსება სწორედ თქვენი გუნდისგან უნდა მიიღოს. როგორი თაობა ეზრდება "საბურთალოს", ქართულ ფეხბურთს?
- ჩვენი მთავარი საზრუნავი სწორედ პირველი გუნდისთვის, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელის მიწოდებაა. ვინც ამ დროისთვის "საბურთალო"-2-ში ირიცხებიან, ყველას აქქვს შესაძლებლობა, რომ მთავარ კლუბში მოხვდეს. თუმცა, ამისთვის დიდი შრომა და თავდადებაა საჭირო. 
ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ნელ-ნელა პირველ გუნდს ვაწვდით ფეხბურთელებს - ბოლო მატჩებში ვნახეთ, რომ ლუკა ლაკვეხელიანმა და ნიკოლოზ მალმა კარგად წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები და მჯერა მომავალში კიდევ უფრო მოუმატებენ. გიორგი ჭიაბრიშვილს თურქულ შეკრებაზე კიდევ ჰყავდა ჩვენი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი, მათ აკვირდება და თავის გამოჩენის შემთხვევაში ყველას მიეცემა პირველ კლუბში თამაშის შესაძლებლობა. "საბურთალოს" მიმართულება სწორედ ესაა, რომ ფარმ-გუნდიდან დავაწინაუროთ ახალგაზრდა ფეხბურთელები. 
- რამდენიმე დღეში მორიგი ოფიციალური მატჩი გელით. ამჯერად, "გარეჯს" უმასპინძლებთ. როგორ ემზადებით მოახლოებული შეხვედრისთვის?
- უშუალო კონკურებტს ვეთამაშებით და რთული თამაშის მოლოდინში ვართ. გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, ასევე ჰყავთ საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელი. გეგმაზომიერად ვემზადებით მოახლოებული მატჩისთვის, საინტერესო შეხვედრა უნდა გამოდგეს.
- ბოლო შეხვედრებში მეტოქეებს უჩვეულო დროს, 21:00 საათზე მასპინძლობთ. რატომ ასე გვიან?
- განათების ფონზე გვიწევს თამაში, ასეთ დროს უფრო საფეხბურთო გარემოა. ფეხბურთელებთან მქონდა ამ საკითხზე საუბარი და მათაც ურჩევნიათ საღამოს თამაში. ტემპიც მაღალია და უფრო საინტერესოდ მიმდინარეობს შეხვედრა.
- "საბურთალო"-2 სექტემბერში უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე იასპარეზებს. პარალელურად თუ ემზადებით აღნიშნული ტურნირისთვის?
- ჯერჯერობით, ევროტურნირებისთვის მზადება არ დაგვიწყია, თუმცა  შინაგანად ვფიქრობ-ხოლმე ამ პრესტიჟულ ტურნირზე. როგორც ჩემთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის დიდი გამოწვევაა. აქედან გამომდინარე მალე უკვე მოგვიწევს აღნიშნულ შეჯიბრებაზე ფიქრი. 1 ან 2 თამაშით ფეხბურთელისთვის შეიძლება ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს, რადგან თავის კარგად წარმოჩენის შემთხვევაში, მისი საფეხბურთო კარიერა მთლიანად შეიცვლება. უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩებს ბევრი სკაუტი აკვირდება და ეს ერთგვარად დამატებითი სტიმულია ახალგაზრდებისთვის. მართალია, ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობენ, მაგრამ საკლუბო დონეზე საერთაშორისო შეხვედრების ნაკლებობას განვიცდით. ნაკრებში და კლუბში ასპარეზობა ბევრად განსხვავდება ერთმანეთისგან.
- "საბურთალოს" პირველ კლუბზეც მინდა გკითხოთ - რამდენად კმაყოფილი ხართ განვლილი შეხვედრებით?
- კლუბმა 7 თამაშის ჩატარება მოასწრო. ფაქტობრივად ყველა შეხვედრაში "საბურთალო" მეტოქესთან უპირატესობას ფლობდა. ერთადერთი მატჩი, სადაც კლუბმა სასურველი თამაში ვერ აჩვენა ფოთის "კოლხეთთან" იყო. იმ შეხვედრაში შესვენებაზე გუნდი 10 კაცით დარჩა. "საბურთალო" ყველასგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. ისეთს, რომ ძნელია რაიმე დაუპირისპირო. ხმამაღალ ნათქვამში არ ჩამითვალოთ და გამოცდილ გუნდებსაც უჭირთ "საბურთალოს" წინააღმდეგ თამაში. მეტოქეებს აღარ უშინდებიან და უკვე ფავორიტის სტატუსით თამაშობენ. 
- რამდენად საინტერესოა 10 გუნდიანი პირველობა?
- ძალიან კარგი ფორმატია, ეს ყოველივე შედეგს აუცილებლად გამოიღებს. დაძაბული მატჩებია და მჯერა წინ კიდევ უფრო საინტერესო შეხვედრები გველის. მისასალმებელია ისიც, რომ ფაქტობრივად ყველა მატჩის პირდაპირი ჩვენება ხერხდება. ჩვენს ჩემპიონატს რაც აკლია, მაყურებელი და სათამაშო მინდვრებია. იმედია, დროთა განმავლობაში ეს პრობლემებიც აღმოიფხვრება და უფრო სანახაობრივი ჩემპიონატი გვექნება.
ვისარგებლებ შემთხვევით და სრულიად საქართველოს მივულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 

 

 

 

            ეროვნული ლიგის ცხრილი


ადგ.კლუბი±
1.   დინამო თბ 18 +31 43
2.   ტორპედო 18 +15 37
3.   სამტრედია 18 +5 33


 

                      სრული ცხრილი

IBG-logo vtb  unnamed   fb saller    image-687a20977fc3ea29d8342100add924b0faedcb281d2da4d0d7ecf6402e16846f-V geocell logo 15220 mc ax