სიახლეები
grass

18.03.17 "საბურთალომ" მოიგო და გალიდერდა

IMG 4761დედაქალაქურ დერბიში "საბურთალომ" "ლოკომოტივს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 2:1 დაამარცხა. თავდაპირველად, მამია გავაშელიშვილმა დააწინაურა "რკინიგზელები", თუმცა ტაიმის მიწურულს გიორგი ხარაიშვილმა გაათანაბრა ანგარიში. გამარჯვების გოლი გიორგი კოხრეიძემ გაიტანა, რომელიც მინდორზე რამდენიმე წამის შემოსული იყო.


თანაქალაქურ დერბიში ჩვენმა გუნდმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი მოისაკლისა, თუმცა გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა საჭირო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს. მატჩის 24-ე წუთზე "საბურთალოს" საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ყველაზე მალე მდგომარეობაში მამია გავაშელიშვილი გაერკვა და ახლო მანძილიდან თავისიანები დააწინაურა. საბურთალოელებმა ანგარიში მე-40-ე წუთზე გაათანაბრეს - ცოტნე ნადარაიამ 30 მეტრიანი დრიბლინგი განახორციელა, რის შემდეგაც გიორგი ხარაიშვილს უპასა, ეს უკანასკნელი საჯარიმოში შეიჭრა და მეკარისგან ახლო კუთხეში შედეგიანი დარტყმით 1:1 გახადა. 
დღევანდელი შეხვედრა არ იყო სახიფათო მომენტებით დახუნძლული, თუმცა ისე მოხდა, რომ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა სამი გოლი მაინც იხილა. ერთ-ერთ ეპიზოდში ვაგნერს შეეძლო თავისიანების დაწინაურება, მაგრამ ბრაზილიელის დარტყმული მცირედით ასცდა სტუმართა კარს.
72-ე წუთზე "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვლმა მოედანზე "ჯოკერი", სეხნია კოხრეიძე შეუშვა, რომელმაც ბურთთან პირველივე შეხება გოლად აქცია. გოლი კი შემდეგნაირად გავიდა: ხარაიშვილმა ლუკა იმნაძეს უპასა, ამ უკანასკნელმა გამოზომილი გადაცემა საჯარიმოში კოხრეიძეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ეფექტური გოლი გაიტანა. კოხრეიძეზე ვსაუბრობთ და უნდა ითქვას, რომ გიორგიმ წინა საშინაო შეხვედრაშიც მოახერხა გოლის გატანა და თავისიანებისთვის სამი ქულის მოტანა, მაშინაც ფეხბურთელი ცვლილებაზე შემოვიდა. საბოლოოდ "საბურთალომ" დედაქალაქური დერბი გამარჯვებამდე მიიყვანა და დღევანდელი სატურნირო მდგომარეობით ჩემპიონატის სათავეში მოექცა. 
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კარგახნიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, "ლოკომოტივის" მაისურით მოედანს დაუბრუნდა ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში "საბურთალოს" ღირსებას იცავდა.
გიორგი ჭიაბრიშვილი (მთავარი მწვრთნელი):
"დაძაბული და რთული მატჩი იყო, გათამაშების ლიდერს ვეთამაშებოდით და სასიხარულოა, რომ წარმატება ჩვენ დაგვრჩა. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ და აქტივს მორიგი ქულები შევმატეთ. მინდა ჩემს ფეხბურთელებს მონდომებისთვისა და ბოლომდე ბრძოლისთვის მადლობა გადავუხადო".
ვლადიმერ მამუჩაშვილი (ფეხბურთელი):
"საინტერესო მატჩი გამოდგა, საბოლოოდ გამარჯვებას ჩვენ მივაღწიეთ. ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. იოლი არ იყო ანგარიშის ჯერ გათანაბრება, შემდეგ კი გამარჯვების გოლის გატანა.
შესვენებაზე მთავარმა მწვრთნელმა უფრო მეტი აქტიურობისკენ მოგვიწოდა და იმ ფეხბურთის თამაში მოგვთხოვა, რასაც "საბურთალო" თამაშობს - ბურთზე კონტროლი და სწრაფი შეტევა".

18 მარტი. "მიხეილ მესხი". 1000 მაყურებელი
საბურთალო - ლოკომოტივი 2:1 (1:1)
საბურთალო: კუპატაძე, ელვინ ტერა, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ნადარაია (ცნობილაძე 46), მამუჩაშვილი, არზიანი (ბიძინაშვილი 65), ხარაიშვილი, ვაგნერი, შინდაგორიძე (კოხრეიძე 72), იმნაძე.
ლოკომოტივი: თევდორაძე, ჭანტურია, სიხარულიძე, ქავთარაძე (კიკნაძე 78), გავაშელიშვილი (მენთეშაშვილი 70), დიასამიძე, კომახიძე, ღონღაძე, გაბაძე (არდაზიშვილი 80), რეხვიაშვილი, უბილავა. 
გოლები: 0:1 გავაშელიშვილი (24), 1:1 ხარაიშვილი (40), 2:1 კოხრეიძე (73).
გაფრთხილება: ქავთარაძე (15), უბილავა (19), კომახიძე (42), მარგველაშვილი (53), არზიანი (62), გრიგალაშვილი (90).
მთავარი არბიტრი: ბაკურ ნინუა

3-ე ტური, 18 მარტი:
დინამო (თბ) - დილა 1:2
19 მარტი:
დინამო (ბთ) - სამტრედია  (16:00)
ჩიხურა - შუქურა              (18:00)
ტორპედო - კოლხეთი        (20:00)